ლევან კობიაშვილი ბრიფინგზე ქუთაისის “ტორპედოს” პრობლემას შეეხო

image
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც გარიგებულ მატჩებში ქართველი ფეხბურთლეების მონაწილეობას ეხებოდა.

საუბრისას ლევან კობიაშვილი ქუთაისის “ტორპედოს” პრობლემებსაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ “ქუთათურები” ჩინელმა ინვესტორებმა დატოვეს და ახლა ფინანსებთან დაკავშირებით დიდი პრობლემები აქვთ შექმნილი.

“ქუთაისის “ტორპედოში” რეალურად არსებობს ფინანსური პრობლემები. ადამიანთა გარკვეული კატეგორია ამ მაგალითის ხარჯზე ცდილობს დააკნინოს ჩვენი ფონდის მუშაობა, თუმცა, იცით, რამდენი ჰქონდათ ბიუჯეტში 2018 წელს? საუბარია 10-11 მილიონზე, საიდანაც ფონდიდან დაახლოებით 1,5-2 მილიონი მიიღეს. დანარჩენი კი მოზიდული თანხები გახლავთ, როგორც უეფადან, ასევე კერძო სექტორიდან და სპონსორებიდან.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფონდის არარსებობის შემთხვევაში უკეთესი მდგომარეობა შეიქმნებოდა, ცდება. ამ შემთხვევაში ქუთაისი ისეთივე იქნებოდა, როგორც წლების წინ იყო – მუნიციპალური მილიონნახევრიანი გუნდი.

მართალია, რომ პარტნიორებთან მიმართებაში პრობლემები შეექმნათ, თუმცა მინდა ვთხოვო ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩემი გადმოსახედიდან სრულად უაზრო განცხადებები გააკეთეს – მეტად ეცით პატივი საკუთარ კლუბს, საკუთარ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის თქვენ გვერდით იმყოფებიან.

მე მქონდა როგორც ხელმძღვანელობასთან, ასევე გულშემატკივრებთან საუბარი. ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის იქნება პირველი, ვინც გვერდში დაუდგება ქართულ კლუბებს. გარწმუნებთ, ქუთაისის “ტორპედო” ყოველთვის იყო და მუდამ იარსებებს. ამ პრობლემამ შეიძლება მხოლოდ ის გამოიწვიოს, რომ კლუბი ძვირადღირებულმა ფეხბურთელებმა დატოვონ, თუმცა კლუბი მუდამ იფუნქციონირებს,” – აცხადებს კობიაშვილი.
22-05-2019, 11:19 162
SPORTN.GE